Friday, April 29, 2011

ანტიკური ხელოვნება

ანტიკური ხელოვნება
Fr. antique
L. antiquus
"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირსეული მებრძოლისა და ერთგული პატრიოტის სახე, რომელშიც ათლეტური სხეულის მშვენიერება შერწყმულია მისსავე ზნეობრივ სიწმინდესა და სულიერ სიმდიდრესთან და რამაც, უპირველეს ყოვლისა, ხორცშესხმა პოვა ქანდაკებაში, ფერწერაში, გამოყენებით ხელოვნებაში. ბერძნული არქიტექტურის მწვერვალია პართენონი (V ს. ძვ.წ.-ით) - ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელიც ქალაქის ამაღლებულ ნაწილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".

No comments:

Post a Comment